Uncategorized @ka-ge

როგორ შევარჩიოთ დიზელ-გენერატორის სამონტაჟო ადგილი?

მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ადგილი, სადაც დიზელ გენერატორი უნდა დამონტაჟდეს. ხშირ შემთხვევაში ამ ფაქტორთან არის დაკავშირებული ის მნიშვნელოვანი შეცდომები, რომელთაც შეუძლიათ იქონიონ გამოუსწორებელი შედეგები.

ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებისათვის, დიზელ გენერატორის განთავსების ადგილი უნდა შეირჩეს მის შეძენამდე და ამ ადგილის სწორი შერჩევისათვის აუცილებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:

საკმარისი ვენტილაცია: შემავალი სავენტილაციო ღიობი და გამავალი სავენტილაციო ღიობი

ისეთი ბუნებრივი ფაქტორებისგან დაცვა, როგორიცაა წვიმა, თოვლი, წყალდიდობა, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება, ყინვა და გადამეტებული სიცხე

ისეთი ტიპის დაბინძურებისგან დაცვა, რომელთა გავრცელება გამოწვეულია ჰაერის მასების მოძრაობით, მაგ: აბრაზიული ან სხვა ტიპის მტვერი, კვამლი, ზეთოვანი ნისლი, ძრავის გამონაბოლქვი და სხვა.

ხეების ტოტების, ბოძებისგან ჩამოვარდნილი ნაწილების დაცემისგან დაცვა, დამტვირთველებისაგან და ავტომობილებისაგან დაცვა.

სივრცე დიზელ გენერატორის ირგვლივ, აგრეგატის გაგრილებისა და მომსახურებისათვის უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრისა, ხოლო მის ზევით 2 მეტრი.

საკმარისი ფართობი, იმისთვის რომ აგრეგატი გადმოიდგას სათავსოში.

გენერატორის კორპუსი, აგრეგატის საკმარისი ვენტილაციისათვის და მონტაჟის დროს უკეთ მიდგომისთვის, ჯობია იყოს მოხსნადი ტიპის.

არაუფლებამოსილი პერსონალის დაშვება – უმჯობესია შეიზღუდოს.

დიზელ გენერატორი მონტაჟდება მყარ საძირკელიან ძარაზე, რომელიც უზრუნველყოფს ცვლადი დენის გენერატორისა და ძრავის ზუსტ ცენტრირებას, ამიტომ საკმარისია ძარის მხოლოდ სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე განთასება და შემდეგ ჭანჭიკებით დამაგრება.

არმირებული ბეტონის ბალიში საუკეთესო საძირკველია გენერატოტის განსათავსებლად. იგი უზრუნველყოფს მყარ საყრდენს, რომელიც ხელს უშლის დეფორმაციისა და ვიბრაციის გავრცელებას. საძირკველს ძირითადად უნდა ქონდეს 150-დან 200 მმ-მდე სისქე, ხოლო სიგანე და სიგრძე, არანალებ 150 მმ-ით უნდა აღემატებოდეს აგრეგატის შესაბამის ზომებს. იმ შემთხვევაში, თუ იატაკი დროის გარკვეულ მონაკვეთებში სველია (მაგ. საქვაბე), საძირკვლის ბალიში იატაკის დონეზე მაღლა უნდა განთავსდეს.

იმ შემთხვევაში, თუ დიზელის ელექტროსადგური უნდა განთავსდეს შენობის მიღმა, მაშინ იგი უნდა დამონტაჟდეს ატმოსფერული ნალექებისაგან დაცული ტენტის ქვეშ, ან კონტეინერის ტიპის სათავსოში.

ტრანსპორტირება და მონტაჟი მნიშვნელოვნად მარტივდება, თუ დიზელ გენერატორი აღჭურვილია კორპუსით. პრაქტიკაში გამოიყენება 2 ტიპის კორპუსი: პირველი – “ხუფი” (ე.წ. Canopy), იცავს აგრეგატს ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან, ასევე გამოიყენება როგორც ხმაურის დამხშობი. მე-2 ტიპია “კონტეინერი”, ანალოგიური სატრანსპორტო კონტეინერისა, რომელიც ასევე იცავს აგრეგატს ატმოსფერული ნალექებისგან და გარესამყაროს კი გენერირებული ხმაურისგან, დამატებით მეტ სივრცეს იძლევა სერვისისთვის თუ უბრალოდ მეტი კომპონენტების განსათავსებლად.

ორივე ვარიანტი უზრუნველყოფს აგრეგატის სისტემის ავტონომიურობას, რომელიც თავის მხრივ მარტივად ტრანსპორტირებადია და მოითხოვს მინიმალურ ძალისხმევას განთავსებისა და მონტაჟის დროს. გარდა ამისა, აღნიშნული ტიპის კორპუსები იცავენ გენერატორს ატმოსფერული ზემოქმედებისა და არასანქცირებული შეღწევებისაგან.

დახურული ტიპის დიზელ გენერატორები მონტაჟდება ღია ცის ქვეშ. იმ შემთხევაში, თუ დახურული ტიპის აგრეგატი მონტაჟდება შენობაში, მაშინ შენობის იმ ნაწილში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰაერის გრილი მასების საკმარისი რაოდენობის შემოდინება, ხოლო აგრეგატიდან გამოყოფილი თბილი ჰაერის მასები, გამოდევნილ უნდა იყოს შენობიდან გარეთ. ჰაერსატარები და გამონაბოლქვის გამტანი მილები ისე უნდა იყოს კონსტრუირებული, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მაღალ და დაბალ წნევებს შორის სხვაობა, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს აგრეგატის მუშაობის ეფექტიანობაზე.

დიზელის ელექტროსადგურის კონტეინერის სამუშაო მოედნის შერჩევისას, აუცულებელია გავითვალისწინოთ, რომ: კონტეინერში დიზელის აგრეგატი უნდა დამონტაჟდეს სწორ ზედაპირზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ზუსტი ცენტრირება. კონტეინერის განთავსება შესაძლებელია როგორც ბეტონის საძირკველზე, ასევე, ბუნებრივ ჰორიზონტალურ ზედაპირზე. საძირკველი უნდა უძლებდეს მოდულის წონას და შეასაძლო ვიბრაციას ძრავის მუშაობის დროს.

ეს არის ნაწილი იმ რეკომენდაციებისა, რომელიც სამონტაჟო ადგილის შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ, სწორედ ამ ყველაფერზე არის დამოკიდებული თუ რამდენად სრულყოფილად იქნება უზრუნველყოფილი ელექტრო-ენერგიის საიმედო და უწყვეტი მოწოდება დიზელ გენერატორის საშუალებით.